სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა, რომლებმაც დამნაშავე შეიფარეს, ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს და არა მოწოდებებით გამოვიდნენ და რეზოლუციები მიიღონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ამაზე ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.

„ქვეყნის გარეთ მისი მეგობრები, ევროპარლამენტში იქნება თუ სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ მისი ვითომ დახსნის შესახებ, აძლევენ მას იმედს, რომ, აი, დღე დღეზე, აი ცოტაც, აი ცოტა კიდევ დაიკელი, ცოტა კიდევ დაიზიანე თავი და ჩვენ გიხსნით", – განაცხადა პაპუაშვილმა.

ისინი აქეზებენ მას, რომ თავს ზიანი მიაყენოს და ეს ადამიანები ყველაზე ნაკლებად არიან მისი მეგობრები ექიმებისა და საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება და ჯანმრთელი იყოს, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარებდნენ ევროკავშირში. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით", – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>
რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც დროულად დააკავა სააკაშვილი, როგორც კი მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, დღეს ქვეყანაში იქნებოდა არეულობა, ქუჩებში კი ტანკები იდგებოდა, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
"საქართველო გადაარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი - მდინარაძე>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0