ბიზნეს-ასოციაცია მეწარმეებისთვის ძირითად გამოწვევებს ასახელებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
კვლევის თანახმად, იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ არსებობს მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები, ცოტა გაიზარდა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბიზნესისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში და 2022 წლის მეოთხე კვარტალში მთავარი დაბრკოლება სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იყო, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) ახალ კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ავტოგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.
ასოციაციის წევრი კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით პერიოდში.
რა უშლის ხელს ბიზნესს
კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები, ცოტა გაიზარდა.
ხუთ ძირითად მიზეზად, რაც საქართველოში ბიზნესს უშლის ხელს, დასახელდა:
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები
სპეციალისტების ნაკლებობა
სამუშაო ძალის ნაკლებობა
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა
შეზღუდული ფინანსური რესურსები
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 46% (1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის მეოთხე კვარტალში) შეეცადა დაფინანსების პოვნას. მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ფინანსებზე წვდომა საქართველოში პრობლემაა. ყველაზე მეტად ეს პრობლემურია მცირე კომპანიებისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის უფრო ადვილია ფინანსების მოძიება.
ამას გარდა, კომპანიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან.
საქმიანი კლიმატი
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
ბიზნეს-ასოციაციამ საქართველოში არსებული საქმიანი კლიმატი შეაფასა>>
2023 წლის პირველ კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის.
2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები გაუმჯობესდა მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებში, ხოლო გაუარესდა მშენებლობისა და მომსახურების სფეროებში.
არსებული ვითარება ყველაზე დადებითად შეაფასა ვაჭრობის სექტორმა, რაც შეიძლება გაზრდილ გაყიდვებს უკავშირდება, რაც ამ სექტორში მომუშავე კომპანიების 38,9%-ში შეინიშნება.
BAG-ის ინდექსის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტლების დადებითი განწყობა შენარჩუნებულია – გამოკითხულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს შემდეგი ექვსი თვის მოლოდინები.
ყველაზე ოპტიმისტური განწყობა აქვთ მეწარმეებს სამშენებლო სფეროში.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 33%-მა განაცხადა, რომ მის მიერ დაქირავებული თანამშრომლების რიცხვი წინა კვარტალთან შედარებით იზრდება. შტატის შემცირების თაობაზე მხოლოდ 6%-მა განაცხადა.
კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
„სპეციალისტების ნაკლებობაა“ - საქართველოში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა>>
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 45% ვარაუდობს, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ისინი თანამშრომლების რაოდენობას გაზრდიან. შტატის შემცირებას შემდეგ კვარტალში 5% ვარაუდობს. კომპანიების უმრავლესობა თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას არ აპირებს.
ყველაზე პოზიტიური მოლოდინები დასაქმების კუთხით მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ თანამშრომლების რიცხვი გაიზრდება.
ლარის კურსი
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა (13%-ით) იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც უახლოეს ნახევარ წელიწადში დოლარის მიმართ ლარის კურსის შემცირებას ელოდება.
ამასთან, კომპანიების 63% უახლოეს ექვს თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელოდება. წინა კვარტალში ასე გამოკითხულთა 65% ფიქრობდა. კომპანიების 14% ელოდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხოლო მის გამყარებას 23% ელოდება.
ბოლოს დოლარი 2,6 GEL/$1 დონის ქვემოთ 2018 წლის 11 სექტემბერს იყო. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 4,1%-ით გამყარდა. ამჟამად ლარის კურსი 2,57 GEL/$1 დონეზეა.
ყველა ახალი ამბავი
0