ბიზნეს-ასოციაციამ საქართველოში არსებული საქმიანი კლიმატი შეაფასა
12:04 22.12.2022 (განახლებულია: 16:48 22.12.2022)
© photo: Sputnik / Stringerთბილისი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი 2022 წლის მეოთხე კვარტალში ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ოპტიმისტური მოლოდინებისა და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითი შეფასების წყალობით საქართველოში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი მაღალ დონეზე რჩება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.
BAG-ის კვლევის თანახმად, ბიზნეს-კლიმატი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან და გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, გაუმჯობესდა.
„2021 წლის I კვარტლიდან ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და უმჯობესდება. 2021 წლის I და II კვარტლებში აღნიშნულს ძირითადად განაპირობებდა მომდევნო 6 თვის ოპტიმისტური მოლოდინი“, – ნათქვამია კვლევაში.
BAG-ის ინდექსის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტლების პოზიტიური განწყობა შენარჩუნებულია – გამოკითხულმა კომპანიებმა კვლავ დადებითად შეაფასეს თავიანთი მდგომარეობა და უახლოესი ნახევარი წლის მოლოდინები.
ასოციაციის წევრი კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2022 წლის IV კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი ყველა დარგისთვის დადებითია. ეს მაჩვენებელი მესამე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორში, ხოლო მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებში გაუარესდა.
ასევე, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა მშენებლობის და მომსახურების სექტორებში, ხოლო მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებში – გაუარესდა. არსებული მდგომარეობა ყველაზე პოზიტიურად სამშენებლო სექტორმა შეაფასა.
რაც შეეხება უახლოეს ექვს თვეში ბიზნესის მოლოდინებს, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ის ყველა სექტორისთვის დადებითია. ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინები სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 35% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო შტატების შემცირებაზე მხოლოდ 7% საუბრობს. კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 32% ვარაუდობს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 3% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე უარყოფითი მოლოდინები მრეწველობის სექტორში ფიქსირდება: გამოკითხული კომპანიების 15,4% თანამშრომლების გათავისუფლებას ვარაუდობს.
რა უშლის ხელს ბიზნესს
კვლევაში აღნიშნულია, რომ მცირედით გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ექვსი ძირითადი მიზეზი:
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები
სპეციალისტების ნაკლებობა
სამუშაო ძალის დეფიციტი
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა
შეზღუდული ფინანსური რესურსები
დაბალი მოთხოვნა.
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 45%-მა (5%-ით მეტი, ვიდრე წინა კვარტალში) სცადა დაფინანსების მოძიება; მათგან 21%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
ლარის კურსი
2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც უახლოეს ნახევარ წელიწადში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ელოდებიან, 29%-ით შემცირდა.
ამასთან, კომპანიების 65% უახლოეს ექვს თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელოდება. წინა კვარტალში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 38% ემხრობოდა. კომპანიების 27% ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხოლო 9% მის გამყარებას ელოდება.
22 დეკემბრისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6646 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს რეგულატორმა 332,9 მლნ დოლარი გაყიდა ცხრა აუქციონზე, 2022 წლის განვლილ პერიოდში კი გაყიდა 93,8 მლნ დოლარი და იყიდა 80 მლნ დოლარი.
2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, გასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.