„ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა" - წულუკიანი სააკაშვილის ნორვეგიულ პრემიაზე

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი გახდა ის, რომ პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს ნაცვლად სიმართლისა, განაცხადა თეა წულუკიანმა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებათა დარგში ნორვეგიული პრემიის მინიჭებას სამარცხვინო უწოდა.
გასულ კვირაში სააკაშვილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ოსლოში გაიმართა, ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.

„კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში", – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გაუგებარია, რა უნდა თქვას ადამიანმა, როდესაც სიცრუეს სიმართლედ ასაღებენ და დამნაშავეს აჯილდოვებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. "ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა", – განაცხადა მან.
მან სერიოზული პრობლემა უწოდა მსოფლიოში იმას, რომ სიმართლის დამტკიცება ძალიან რთული გახდა.
„სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრევალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ", – აღნიშნა წულუკიანმა.
პრემიერმა სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა>>
უფრო ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. მან ექს-პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომლის ტერაქტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ჩიქოვანი: ევროდეპუტატებმა უნდა გაიგონ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0