ფასები ონკოდაავადებულების წამლებზე უსაფუძვლოდ გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდა დაუშვებელია და უწყებას თითოეულ ასეთ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ კვლავ ხელოვნურად გაზარდა ფასები მედიკამენტებზე, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამჟამად საუბარია ძვირადღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებსაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

„ბოლო დროს ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზრდას უკან არანაირი შინაარსობრივი მიზეზი არ უდგას. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია კონკურენციის სააგენტო იმისთვის, რომ ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რეალიზატორ კომპანიებს ერთსა და იმავე წამლებზე ერთნაირი ფასები აქვთ მითითებული. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიაზე ერთ პაციენტზე ყოველწლიურად 25 ათასი ლარი გამოიყოფა. წამლებზე ფასების ხელოვნური გაზრდის შედეგად კი ინკოდაავადებულებს შეზღუდული აქვთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ მედიკამენტებზე, განაცხადა ღუდუშაურმა.
რეფერენტული ფასების მქონე წამლების სია გაფართოვდა>>
სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები ჯერ კიდევ განაგრძობენ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდას. ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა მიუღებელია. თითოეულ დარღვევაზე უწყებას მკაცრი რეაგირება ექნება, განაცხადა ღუდუშაურმა.
მსგავსი ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.
რეფერენტული ფასები
სახელმწიფომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის უწყება ზოგიერთ კომპანიას წამლებზე ფასების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებს>>
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას იღებდა, ახლა კი მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.
ყველა ახალი ამბავი
0