აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ საქართველოს მოსახლეობის 40% მოხვდა

© Pixabay / Bru-nO სათამაშო აპარატები
სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65%-ით გაიზარდა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. 2022 წლის 1 მარტის შემდეგ იმ პირთა სიაში, ვისაც აზარტული თამაშები ეკრძალება, შეყვანილია 1.457.526 ადამიანი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.

„დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4.901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4.867 განაცხადი დარეგისტრირდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.
მისი თქმით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ ლარი შეადგინა.
ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 2022 წელს მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი >>
მათ შორის ცვლილებები აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.
ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.
ყველა ახალი ამბავი
0