ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმაგი სტანდარტი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მოწოდებას, მიიღონ ევროკავშირში ამერიკული კანონის ანალოგი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA).
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ საქართველოში გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე დასავლელი პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ეს აუცილებელია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის. კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა აგრეთვე EPP.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ამ ინიციატივის განხილვის პროცესს.
„თქვენ ახსენეთ EPP-ს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
7-9 მარტს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. კანონპროექტის ინიციატორი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა". მას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ". აქციების შედეგად მმართველმა პარტიამ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და ეს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
„საუკუნის პიარ-თაღლითობა“ - კობახიძემ პროტესტების მთავარი მიზანი დაასახელა>>
მოგვიანებით „ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ შეძლეს საზოგადოების დარწმუნება, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნებოდა, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ პროექტი რუსული კანონის ანალოგია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
აჟიოტაჟი კანონპროექტის ირგვლივ
თბილისში მრავალათასიანი პროტესტი კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო.
7 მარტიდან კანონპროექტის გაწვევამდე პარლამენტთან აქციები იმართებოდა, სადაც მთავარ როლს სტუდენტები ასრულებდნენ. აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა ამ დროისთვის შესრულებულია – საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გათავისუფლებული არიან, კანონპროექტები კი გაწვეულია.
„სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“ - კალაძე სკანდალურ კანონპროექტებზე>>
საპროტესტო აქციები რამდენჯერმე პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა გაარღვიეს ბარიერები პარლამენტის ირგვლივ, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, ამსხვრევდნენ მინებს შენობებში, წვავდნენ ავტომობილებს, ნაგვის ურნებს, პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. ამის საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეჯახებების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. აქციის მონაწილეებს შორის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა შსს ადასტურებს, რომ ზოგიერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამავე დროს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების 20 ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0