რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალურ კანონპროექტებზე - კობახიძის პასუხი

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
საქართველოს პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. არაფერი ღირდა იმად, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით გაგვერისკა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გამოწვევაზე კომენტარისას.
ხუთშაბათს, ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

იყო ინფორმაცია და კონკრეტული მოლოდინები გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, აღნიშნა მან.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დილით იქნა გახმოვანებული“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სკანდალური კანონპროექტების გაწვევას>>
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის არ გადაიხედება. რჩება მხოლოდ ტექნიკური საკითხები.

„ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისთვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ იყო, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობის, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო ორ დღეს დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 133 ადამიანი.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
ევროკავშირი მიესალმება პარლამენტიდან „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას>>
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
ეს კარგი ნიშანია – ბორელი საქართველოს პარლმენტის სკანდალური კანონპროექტის გამოწვევაზე>>
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0