როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სკანდალური კანონპროექტების გაწვევას

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ სიმბოლიკა
„ქართული ოცნების“ სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
დეპუტატები უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მეორე მოსმენის დროს აპირებენ.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების უკან გაწვევის პროცედურა განმარტა.
ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, და მისი გამოწვევის გზებს, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკულ ვერსიას, რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მდინარაძის ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ განაცხადა, პაპუაშვილმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტების გაწვევის შესახებ. მანამდე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მალორის უკვე გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მოემზადებინათ დასკვნები ორ კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციის გამართვას რუსთაველის გამზირზე დღეს მაინც აპირებენ. მოთხოვნებს შორის იქნება საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 133 ადამიანი.
„არ ვენდობით"! - აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსეს>>
დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
ევროკავშირი მიესალმება პარლამენტიდან „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას>>
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0