ეს კარგი ნიშანია - ბორელი საქართველოს პარლმენტის სკანდალური კანონპროექტის გაწვევაზე

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
უფრო ადრე ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების გაწვევის შესახებ კარგი ნიშანი უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„ქართველები გავიდნენ ქუჩებში, რათა გამოხატონ საკუთარი სწრაფვა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და თვალსაჩინო“, – დაწერა ბორელმა Twitter-ში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა კარგი ნიშანია, ახლა საჭიროა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები, აღნიშნა მან.
უფრო ადრე ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისთვის
გამოწვევის პროცედურა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების უკან გაწვევის პროცედურა განმარტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენის დროს განხილვის გარეშე უყრის კენჭს და ჩააგდებს.
როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სკანდალური კანონპროექტების გაწვევას>>
რაც შეეხება კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ განხილულა პლენარულ სხდომაზე და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მდინარაძის ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
პაპუაშვილმა, თავის მხრივ, უკვე მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტების გამოწვევის შესახებ. მანამდე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მალორის გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მოემზადებინათ დასკვნები ორ კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ევროკავშირი მიესალმება პარლამენტიდან „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას>>
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0