გინება და ჩხუბი პარლამენტში - მღელვარება უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის შესახებ არ ცხრება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა სამშაბათს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლასა და უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის კრიტიკას მოჰყვა.
მღელვარება არ ცხრება ორი კანონპროექტის ირგვლივ, რომლებიც დააინიცირეს დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან". პარლამენტში ორი კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება, განხილვა როგორც შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისა და საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ეს რუსული კანონის ვარიანტია.
სკანდალური კანონპროექტი: პაპუაშვილმა ოპოზიცია ისტერიის დათესვაში დაადანაშაულა>>
პლენარული სხდომის დასაწყისში ვაშაძე პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა. სიტყვა მან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის კრიტიკით დაიწყო და მისი მხარდამჭერების მიმართ გამოიყენა სიტყვა „მოღალატე“. ამას მოჰყვა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების რეაქცია.
ვითარება თანდათან გამწვავდა – სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა მოჰყვა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან. საქმეში მანდატურები ჩაერთვნენ, ისინი ვითარების განმუხტვას შეეცადნენ და ყაველაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
უმრავლესობის დეპუტატებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა მოწოდებით, „არ აჰყვნენ პროვოკაციულ განცხადებებს“.
„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები... ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები", – განაცხადა კობახიძემ.
მიუხედავად ამისა, ცალკეული რეპლიკები ოპოზიციონერი და უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების მხრიდან კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.
ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
სკანდალური ინიციატივა და რეაქცია
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
OSCE/ODIHR შეაფასებს საქართველოს კანონპროექტს უცხოური აგენტების შესახებ>>
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, "ხალხის ძალამ" გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს კეთილისმყოფელის იმიჯზე დარტყმისა ეშინიათ – პოლიტოლოგი>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0