სკანდალური კანონპროექტების მოსმენა: პარლამენტში სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
სუსში ოპოზიციური მასმედია ფეიკ-ნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყვეს ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტში უწყების თანამშრომლების ყოფნის შესახებ, სადაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს.
ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ კანონპროექტებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე.
როგორც სუსის განცხადებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენების პარალელურად პოლიტიკური ჯგუფებისა და მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვრცელდება ფეიკ-ნიუსები, თითქოს პარლამენტის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

„ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქართული სპეცსამსახურების დისკრედიტაციის მცდელობას, ნათქვამია განცხადებაში.
სუსი მოუწოდებს პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მასმედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ხმაურიანი დილა პარლამენტში: დაპირისპირება სხდომათა დარბაზში - ვიდეო>>
ამჟამად პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. როგორც საკანონმდებლო ორგანოში განმარტეს, ამის მიზანია დეპუტატების, აპარატის თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების დაცვა, ასევე სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
სკანდალური ინიციატივა და რეაქცია
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო>>
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუ პარლამენტი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მიიღებს. თუმცა, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0