პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია პარლამენტის შენობასთან
პოლიცია პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ მოწვეულ პირებს.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ორშაბათს, 6 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პირველი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. ხუთშაბათს თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტების განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტებზე მსჯელობის პარალელურად პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა.

„შეზღუდვის შემოღების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ მოწვეულ პირებს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს>>>
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0