„მათ დრამა დადგეს" - ოპოზიციონერი დეპუტატი სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
მიუხედავად სკანდალისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დრამა მოაწყვეს ისე, რომ არც კი აუხსნიათ რატომ არ მოსწონთ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტებზე მსჯელობის პარალელურად პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ისე მოხდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა უბრალოდ კამერების წინ იჩხუბა და წავიდა. მათ დრამა დადგეს. თუ სხდომის ჩაშლა გინდა, მაშინ უნდა ჩაშალო. დრამის დადგმა რა საჭიროა? აუხსენით ხალხს, რამდენად საზიანოა კანონი. არგუმენტირებული პოზიცია დაიკავეთ", – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პარტია „გირჩის" წევრებს სკანდალური კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ცარიელი ისტერია“ - კობახიძე უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ>>>
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ოპოზიციას სხდომაზე არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება. მიუხედავად მხარეთა დაპირისპირებისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პარლამენტის სპიკერი ევროკომისარს პასუხობს>>>
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0