პარლამენტის სპიკერი ევროკომისარს პასუხობს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაარწმუნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა წარიმართება ინკლუზიურად საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, ხოლო კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება.
28 თებერვალს მიატოვიჩმა პაპუაშვილს წერილი გაუგზავნა და თავისი შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება კანონიერ შეშფოთებას იწვევდეს, ის არ უნდა იყოს მიღწეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ მათი უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი გამოყენების და მათი ლეგიტიმური საქმიანობის ხარჯზე. მისი თქმით, მოთხოვნები უნდა დაწესდეს თანაბარ და მიუკერძოებელ საფუძველზე, შემოსავლის წყაროების მიუხედავად.

„ჩვენ ვთანხმდებით იმ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს", – ნათქვამია პაპუაშვილის საპასუხო წერილში.

მისი თქმით, დღეისათვის პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი, ერთი არის აშშ-ის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) ზუსტი ასლი, მეორე კი FARA-ს ნაკლებად შემზღუდავ, ლიბერალურ ვერსიას წარმოადგენს.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება, ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პირების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები>>>
„თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რაც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას", – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა, დასძინა პარლამენტის სპიკერმა.
„გარდა ამისა, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები", – აღნიშნულია განცხადებაში.
პაპუაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა „გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით".
„საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტების ავტორები საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა". აღნიშნული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
„უცხოური აგენტების" შესახებ კანონის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი არიან ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, მათ დემოკრატიისთვის საშიშროება დაინახეს.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუ პარლამენტი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მიიღებს. თუმცა, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0