აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტებიდან შვიდი მათგანი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია პარლამენტის შენობასთან
პოლიცია პარლამენტის შენობასთან  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტებიდან შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას გუშინ პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები განხილვაში მონაწილე დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მანქანებს კვერცხები ესროლეს. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს.
ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
„უცხოური აგენტების შესახებ“ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პარლამენტის სპიკერი ევროკომისარს პასუხობს>>>
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
„ცარიელი ისტერია“ – კობახიძე „უცხოურ აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტზე>>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0