სკანდალი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ კამათი გრძელდება.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართულ საზოგადოებას სურს იცოდეს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ, მაგრამ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების გარეშე კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული არ იქნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი შევიდა.

„ვფიქრობ, აქ არის სწორედ ურთიერთგაგება, რომ იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭვირვალობის მოთხოვნა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, ხოლო პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ უფლების რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როგორ იქნება რეალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი, ამის გადაწყვეტა ვენეციის კომისიას მოუწევს.
„ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ვენეციის კომისიას, რათა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით რთულია თქმა, აქედან გამომდინარე, რთულია პოზიციების გამოთქმაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან კანონპროექტის უახლოეს პერიოდში მიღება გამორიცხა.
პაპუაშვილი: 2022 წელს ოთხმა არასამთავრობომ იმდენივე დაფინანსება მიიღო, რაც ყველა პარტიამ>>
პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას რეკომენდაციის შესამუშავებლად რამდენიმე თვე დასჭირდება.
ევროკავშირი წინააღმდეგია
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსგავსი პროექტის მიღების წინააღმდეგია. ევროკავშირის ელჩებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პაპუაშვილთან შეხვედრაც გამართეს.
„აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის ფასეულობებსა და ნორმებთან შეუთავსებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინიციატივა 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორს ეწინააღმდეგება. დისკუსიის დროს სპიკერისგან საქართველოში აღნიშნული კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ სხვადასხვა არგუმენტი მოვისმინეთ. ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ ამ კანონის რეალიზაცია შეიძლება ნეგატიურად აისახოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და თავისუფალ მასმედიაზე, აღნიშნა დიპლომატმა.
სკანდალური კანონპროექტები
საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია ორივე კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი.
სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე „უცხოური აგენტების შესახებ“ ვეტოს დადებას გეგმავს>>
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ქვეყანაში „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებისა. მან განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მისი თქმით, ასეთი კანონი საქართველოს ევროპისგან დააშორებს.
„ქართული ოცნება" მზადაა, კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურებმა და საქართველოს გაეროს წარმომადგენლობამ.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0