პაპუაშვილი: 2022 წელს ოთხმა არასამთავრობომ იმდენივე დაფინანსება მიიღო, რაც ყველა პარტიამ

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოება დაინტერესებულია როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროების წარმომავლობით.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ, რომლებიც ჯამში პოლიტიკურ პარტიებზე გაცილებით დიდ ფინანსებს იღებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი პარლამენტში დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ორი კანონპროექტის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

„2022 წელს, თუ არ ვცდები, საქართველოში არსებული პარტიების შემოწირულობებმა 750 ათასი ლარი შეადგინა. ამას ემატება საბიუჯეტო დაფინანსება – წელიწადში 12 მლნ ლარი ყველა პარტიისთვის. ანუ, გასულ წელს ყველა პარტიამ ჯამში შემოწირულობებით და საბიუჯეტო დაფინანსებით 12,5 მილიონი ლარი მიიღო. ამდენივე დაფინანსებას იღებს საქართველოში ოთხი არასამთავრობო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოება დაინტერესებულია როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროების წარმომავლობით.
„კუდიანებზე ნადირობა“ - ანა ნაცვლიშვილმა უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი შეაფასა>>>
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ქვეყანაში „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებისა. მან განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.
„ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, „ხალხის ძალის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.
„საშიში სიგნალია“ - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოს გამოეხმაურა>>>
მიუხედავად ამისა, იგი ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0