„საშიში სიგნალია“ - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოს გამოეხმაურა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი კატეგორიული წინააღმდეგია ქვეყანაში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებისა, მან განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ საკითხის სტიგმატიზაცია უკვე მოხდა, რას საშიში სიგნალია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ასე გამოეხმაურა ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გეგმებს ვეტოს უფლების გამოყენების შესახებ.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ.

„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით რაღაცის არმიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა... საკმაოდ საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბიშვილი კანონპროექტზე „უცხოური აგენტების შესახებ“ ვეტოს დადებას გეგმავს >>
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ეს შეაფასა როგორც მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს.
„ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში... არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან), უკავშირდება სახელწოდებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით, აღნიშნა მან.

„ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ

„ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ დააინიცირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, „ხალხის ძალის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, იგი ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კრიტიკის ობიექტი გახდა.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0