„ეს პარადოქსია" - რატი ბრეგაძე სააკაშვილის მომხრეების მოთხოვნაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და მსჯავრდებული სააკაშვილის წამების შეწყვეტა მოითხოვეს.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას პარადოქსი უწოდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს 27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ორშაბათს იუსტიციის სამინისტროს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და მსჯავრდებული სააკაშვილის წამების შეწყვეტა მოითხოვეს.
„რა უნდა იყოს ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს, კერძოდ, პატიმრის (სააკაშვილის) წამების შეწყვეტას“, – განაცხადა ბრეგაძემ ბრიფინგზე.
სააკაშვილის უფლებები დაცულია, ჯანმრთელობის გაუარესებაში დამნაშავე თვითონაა - ბრეგაძე>>>
იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა 2023 წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დაადასტურა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების სისტემატური ხასიათი.

„ამ გადაწყვეტილებაში აღწერილია წამების ის მეთოდები, რომლებიც სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ფართოდ იყო დანერგილი პენიტენციურ დაწესებულებებში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ევროპის სასამართლომ დაადგინა 2011-2012 წლებში თბილისის გლდანის ციხეში ყოფნისას აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევა, ასევე გამოძიების ეფექტურობის დარღვევა და ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ საქართველოს ციხეებში წამების სისტემურობა დაადასტურა>>>
მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია ნიშანდობლივი მომენტი, რომ 2012 წელს სწორედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაბედეს პატიმრებმა ამ პრაქტიკაზე საუბარი და სწორედ მაშინ გაბედეს სარჩელების შეტანა.
„დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს სხვისი წამების შეწყვეტისკენ და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ – ის, რომ ადამიანს 1,8 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა? ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში? ის, რომ თითქმის 8 თვეა იგი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში?.. ეს არის წამება? ამის თქმა, ვინც არ უნდა იყოს, არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ წონის დაკლების გამო, რაც სრულფასოვან კვებაზე უარის შედეგია. ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებს იღებს, რაც აუცილებელია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პაპუაშვილი: ევროპა წლებია ხელს აფარებდა სააკაშვილს, რაც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს>>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0