Credit Suisse-ის ტრასტი ივანიშვილის დაუბადებელ შთამომავლებზე ზრუნავს

© AFP 2024 / FABRICE COFFRINI Credit Suisse
 Credit Suisse - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
2008-2015 წლებში ივანიშვილის ანგარიშებზე Credit Suisse-ში მასირებული შეტევა განხორციელდა, ახლა კი პრობლემებს ამ ბანკის ტრასტები ქმნიან
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. Credit Suisse-ის ტრასტი საქართველოს ექს-პრემიერ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვებზე უარის თქმის მიზეზად მის ჯერ კიდევ დაუბადებელ შთამომავლებზე ზრუნვას ასახელებს, ნათქვამია საადვოკატო კანტორა MKD Law-ს განცხადებაში.
გერნსის კუნძულის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვის ქვეშაა ივანიშვილის იმ თანხის ძირითადი ნაწილი, რომელიც მან Credit Suisse-დან სხვა ბანკში გადაიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარი გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა დარჩენილი თანხა სხვა ბანკში გადაიტანა, ამ თანხების მართვა, Credit Suisse-ის რეკომენდაციით, სწორედ მის ტრასტებს მიანდო.
ტრასტებმა ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე ხელმისაწვდომობა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
ივანიშვილის ინტერესების დამცველ საადვოკატო კანტორაში მიაჩნიათ, რომ ის Credit Suisse-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ღია პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ექს-პრემიერის ადვოკატების თქმით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ბანკის და შვეიცარიის მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციის მიზანმიმართულ განადგურებას.

რა მოხდა წარსულში

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო.
FINMA-ს ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე მასიური თავდასხმა 2008-2015 წლებში განხორციელდა - მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.
ივანიშვილის ადვოკატი: ევროპული მედია Credit Suisse-ის მენეჯმენტზე კრიტიკულ სტატიას ბლოკავს >>
ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს, მაგრამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად დამნაშავეებს პრემიებით და ბონუსებით ახალისებდნენ, აღნიშნეს საადვოკატო კანტორაში.
შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვების დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.

დავა გერნსის ტრასტთან

ერთი წლის განმავლობაში Credit Suisse-ს ტრასტმა, რომელიც გერნსის კუნძულის იურისდიქციაში მოქმედებდა, თანხების გადარიცხვაზე უარის მიზეზების დიდი ჩამონათალი წარადგინა. ივანიშვილის დაცვის მხარემ ამ ტრასტთან დაკავშირებულ მოვლენებს კომიკური უწოდა.
ვინ დგას Credit Suisse–ის მენეჯმენტის უკან? MKD Law ივანიშვილის შანტაჟის შესახებ >>
„მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება“, - ნათქვამია MKD Law-ს განცხადებაში.
ტრანზაქციების დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მიზეზად კი „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“ დასახელდა.
შემდგომში გერნსის ტრასტმა გადარიცხვებზე უარის თქმა დაიწყო. მიზეზად კი ტრანზაქციის დანიშნულება (საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“) დასახელდა - თითქოსდა ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს.
ირაკლი კობახიძე: მედიაში ცენზურა სერიოზული პრობლემაა ევროპისთვის >>
ამ უარზე ივანიშვილმა იმით უპასუხა ტრასტს, რომ თუ არ მოსწონდათ ფონდში გადარიცხვა, შეეძლოთ გადაერიცხათ ოჯახის წევრებზე ან ნებისმიერ მათგანზე, არჩევანის შესაბამისად და ამაზე ოჯახის ყველა სხვა წევრი დაეთანხმებოდა. მთელი ეს მიმოწერა თვეები გრძელდებოდა.
მოგვიანებით ტრასტმა გამოსავალი იპოვა ევროპარლამენტის 9 ივნისის მკვეთრ რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებდა ევროპულ საბჭოს დაეწესებინა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ტრასტმა განაცხადა, რომ მზადაა გადარიცხოს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო დაავალდებულებს.
კობახიძე: Credit Suisse-ს ივანიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს >>
2022 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მრავალი თვის შემდეგ ივანიშვილმა მაინც მიიღო თავისი ფული, რომელიც Credit Suisse–ის სინგაპურის ტრასტის მმართველობის ქვეშ იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბერში ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოში მოწმის სახით გამოვიდა.
საადვოკატო ბიურომ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ოსტატურად ისარგებლა მოპასუხის კითხვით და სასამართლოში განაცხადა, რომ Credit Suisse „განგსტერული ბანკივით“ იქცევა. ივანიშვილის თქმით, ბანკი არა მხოლოდ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში მასთან სასამართლო დავა აწარმოოს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს.
სინგაპურის ტრასტისგან განსხვავებით, გერნსის ტრასტმა ივანიშვილს მოთხოვნილ ტრანზაქციებზე ისევ უარი უთხრა. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო. პროცესი 2023 წლის მარტისთვის არის ჩანიშნული.
უარის ერთ-ერთი ბოლო მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ თითქოსდა თანხის დიდი ნაწილის გადარიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა. რაც, როგორც ამას MKD Law ამტკიცებს, არ შეესაბამება სინამდვილეს - ტრასტი იმ შემთხვევაშიც კი გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ ანგარიშზე მხოლოდ 1 დოლარი დარჩება.
„ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ... აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ“, - ნათქვამია საადვოკატო კანტორა MKD Law–ს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ხელწერა ყველას ერთნაირი აქვთ - Credit Suisse-ს მენეჯმენტს, რომელიმე ტრასტის მენეჯმენტსა თუ სხვა აქტორის, რომელიც ბანკის სტრუქტურაში შემავალი სუბიექტების სახელით საუბრობს.
ყველა ახალი ამბავი
0