ირაკლი კობახიძე: მედიაში ცენზურა სერიოზული პრობლემაა ევროპისთვის

© courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
შვეიცარიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ქმედებების გამო ივანიშვილს თითქმის 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ევროპულ მედიაში ცენზურის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით შესაძლოა ევროპის საბჭოს მიმართოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტარისას.
გუშინ საადვოკატო კანტორა MKD Law-მ, რომელიც იცავს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში, ბრიტანული და შვეიცარიული მედია ცენზურაში დაადანაშაულა. აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა უარი განაცხადეს სტატიის გამოქვეყნებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ Credit Suisse-ის მენეჯმენტი მიზანმიმართულად ანგრევს ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას.

„ეს ნამდვილად შემაშფოთებელი და წარმოუდგენელია - ყველა გამოცემა აქვეყნებს სტატიებს, რომლებიც დაკავშირებულია Credit Suisse-თან და ძირს უთხრის მის რეპუტაციას. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება მენეჯმენტს, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ევროპის მასშტაბით მსგავსი ცენზურა წარმოუდგენელია.
„ამით საერთაშორისო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივმართოთ ევროპის საბჭოს, რათა ეს საკითხი გამოიძიოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ევროპისთვის, თუ ევროპულ მედიაში მოქმედებს კოორდინირებული ცენზურა“, – განაცხადა კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
უმოქმედობა და წახალისება
MKD Law-ის კომენტარის თანახმად, შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან ივანიშვილის სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ბრიტანულმა მედიამ დაიწყო იმ სტატიების დაბლოკვა, რომლებშიც Credit Suisse-ის მენეჯმენტის მწვავე კრიტიკა იყო, მაშინ, როცა არასოდეს ყოფილა შეზღუდვები თავად ბანკის კრიტიკაზე.
თავდაპირველად მედიამ MKD Law-ს მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად ამოიღო ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ბანკის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, ივანიშვილის დაცვით დაკავებულმა საადვოკატო ბიურომ უარი თქვა მსგავსი ტექსტის პუბლიკაციაზე.
წერილში, რომელიც არ გამოქვეყნდა ბრიტანულ მედიაში, მოყვანილია „ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე“ ბანკის (Credit Suisse) „მძიმე დანაშაულის ქრონიკა“. ამ ბანკმა, რომელსაც ივანიშვილი თვალდახუჭული ენდო, ის თითქმის ერთი მილიარდი დოლარით აზარალა.
ივანიშვილის ადვოკატი: ევროპული მედია Credit Suisse-ის მენეჯმენტზე კრიტიკულ სტატიას ბლოკავს>>>
ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეიტყო 2015 წელს, როდესაც საკუთარი აქტივების განკარგვა მოისურვა, მაგრამ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. სწორედ მაშინ, 2015 წელს ივანიშვილის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო.
როგორც გაირკვა, 2008 წლიდან ივანიშვილი მისი აქტივების შესახებ ყალბ ანგარიშებს იღებდა. MKD Law ამტკიცებს, რომ ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ.
MKD Law ირწმუნება, რომ „კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელობამ ივანიშვილზე ბევრად ადრე და დეტალურად იცოდა დარღვევის შესახებ, რომლებიც არ აღკვეთა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დანაშაულის შესახებ შეიტყო, ბანკის ხელმძღვანელობამ თვალის ასახვევად პროკურატურას მიმართა. საკითხის შესწავლა შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მაც დაიწყო.
FINMA-ს ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე მასიური თავდასხმა 2008 წელს დაიწყო - მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.
შედეგად, Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი თაღლითობაში დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
კობახიძე: Credit Suisse-ს ივანიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს>>>
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვების დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
ამ გეგმაზომიერი პროცესის შედეგად დაზარალდა არამარტო ივანიშვილი, არამედ თავად Credit Suisse.
რაც შეეხება ივანიშვილს, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალია მიადგა, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ძალისხმევით მას დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა საკუთარი ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილზე და „უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს“.
ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
ბერმუდის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ნათქვამია MKD Law-ს წერილში.
ყველა ახალი ამბავი
0