ივანიშვილის ადვოკატი: ევროპული მედია Credit Suisse-ის მენეჯმენტზე კრიტიკულ სტატიას ბლოკავს

© courtesy of Credit Suisseშვეიცარიის ბანკი CREDIT SUISSE
შვეიცარიის ბანკი CREDIT SUISSE - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ახლა ის ელოდება სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას 800 მლნ დოლართან დაკავშირებით.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ბრიტანულმა მედიამ, შვეიცარიის მედიის მსგავსად, უარი თქვა სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მენეჯმენტი, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უჩივის, შეგნებულად ანგრევს ბანკისა და შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას, ნათქვამია საადვოკატო კანტორა MKD Law-ის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.

„როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისის“ მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაპირველად მედიამ MKD Law-ს მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად ამოიღო ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ბანკის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, ივანიშვილის დაცვით დაკავებულმა საადვოკატო ბიურომ უარი თქვა მსგავსი ტექსტის პუბლიკაციაზე.
იურისტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს, შესაბამისად, მედიასაშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან.
„აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
წერილში, რომელიც ცენზურას დაექვემდებარა, მოყვანილია „ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე“ ბანკის (Credit Suisse) „მძიმე დანაშაულის ქრონიკა“. ამ ბანკმა, რომელსაც ივანიშვილი თვალდახუჭული ენდო, ის თითქმის ერთი მილიარდი დოლარით აზარალა.

მრავალმილიონიანი თაღლითობა

ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეიტყო 2015 წელს, როდესაც საკუთარი აქტივების განკარგვა მოისურვა, მაგრამ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა.
MKD Law-ს მონაცემებით, Credit Suisse-ს მენეჯმენტი ივანიშვილს მისი აქტივების შესახებ ყალბ ანგარიშებს უგზავნიდა.

„საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ მაშინ, 2015 წელს ივანიშვილის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო.
კობახიძე: Credit Suisse-ს ივანიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს >>
შედეგად, Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი თაღლითობაში დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვების დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
MKD Law ირწმუნება, რომ „კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელობამ ივანიშვილზე ბევრად ადრე და დეტალურად იცოდა დარღვევის შესახებ, რომლებიც არ აღკვეთა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დანაშაულის შესახებ შეიტყო, ბანკის ხელმძღვანელობამ თვალის ასახვევად პროკურატურას მიმართა. საკითხის შესწავლა შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მაც დაიწყო.
FINMA-ს ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე მასიური თავდასხმა 2008 წელს დაიწყო - მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.
ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს.

„იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს“, – ნათქვამია წერილში, რომლის გამოქვეყნებაზეც უარი თქვა ბრიტანულმა მედიამ.

MKD Law-ს წერილის თანახმად, ამას FINMA-ს ანგარიში ადასტურებს. ამიტომაც Credit Suisse-ის მენეჯმენტი წლების განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ანგარიში დახურული ყოფილიყო და საზოგადოებას მისი გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
MKD Law ამტკიცებს, რომ ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ.
ამ გეგმაზომიერი პროცესის შედეგად დაზარალდა არამარტო ივანიშვილი, არამედ თავად ბანკიც.
რაც შეეხება ივანიშვილს, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალია მიადგა, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ძალისხმევით მას დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა საკუთარი ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილზე და „უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს“.

„ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება“, – ნათქვამია MKD Law-ს წერილში.

აღსანიშნავია, რომ ჩადენილ დანაშაულებს ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოუტანია. მეტიც, ბანკის იმიჯი უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, აღნიშნულია განცხადებაში.
ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
ბერმუდის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ნათქვამია MKD Law-ს წერილში.
ყველა ახალი ამბავი
0