„ქართული ოცნება“ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსიას დაუჭერს მხარს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი მზადაა განიხილოს კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსიას, რის შემდეგაც დოკუმენტები გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის ბიურო ორშაბათს დაარეგისტრირებს კანონპროექტს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ანალოგი იქნება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები შედგება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა. პირველი მოსმენით მიიღება ქართული ვერსიაც და ამერიკულიც, შემდეგ ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დაჩქარებული წესით ვითხოვთ დასკვნის წარმოდგენას“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ დასკვნა დადებითი იქნება ამერიკულ ვერსიასთან დაკავშირებით, მაშინ გაგრძელდება ამერიკულის განხილვა, ხოლო თუ დასკვნა დადებითი იქნება ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით, მაშინ გაგრძელდება ქართული ვერსიის განხილვა.
„ვენეციის კომისია პოლიტიკური ორგანო არ არის, სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულებაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მით უმეტეს, აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით გამოითქვას რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში „უცხოური აგენტების" შესახებ ალტერნატიული კანონპროექტიც დარეგისტრირდება >>
კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი კანონპროექტის მიღება არასწორად მიაჩნიათ.
თავის მხრივ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის ქართული ვერსიის პირველი მოსმენით მიღებამდე ტექნიკური ცვლილებები განხორციელდება, რომლებიც უცხოური გავლენის აგენტების წრეს უფრო ზუსტად განსაზღვრავს.
მაგალითად, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და ა.შ.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას“, – განაცხადა ხუნდაძემ ბრიფინგზე.
ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
უკმაყოფილების პირველი ტალღა
როგორც კი „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებას გეგმავს, პროტესტის ტალღა მმართველი გუნდის ყველა ოპონენტის მხრიდან წამოვიდა. კრიტიკა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდებოდა და გამოქვეყნდებოდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ყველა ახალი ამბავი
0