პარლამენტში „უცხოური აგენტების" შესახებ ალტერნატიული კანონპროექტიც დარეგისტრირდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
მმართველი პარტია კანონპროექტის ორივე ვარიანტის განხილვას გეგმავს.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დარეგისტრირდება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ბოლო დღეებში მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ინიცირება გადაწყვიტა.

„ბიუროზე დარეგისტრირდება ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევიტანეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს მსგავსი კანონის მიღება. ეს იყო პასუხი ცალკეული ექსპერტებისა და ოპოზიციური ძალების სპეკულაციაზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი რუსული კანონი იყო“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
კანონი „უცხოურ აგენტებზე“ შეიძლება ურთიერთობებზე აისახოს: ნორვეგიამ საქართველო გააფრთხილა>>>
ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
უკმაყოფილების პირველი ტალღა
როგორც კი „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებას გეგმავს, პროტესტის ტალღა მმართველი გუნდის ყველა ოპონენტის მხრიდან წამოვიდა. კრიტიკა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდებოდა და გამოქვეყნდებოდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ყველა ახალი ამბავი
0