ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი აქცია
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის განცხადებაში.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს ის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროდან იღებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა არის დემოკრატიის საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ევროკავშირის გაწევრიანების პროცესისთვის და წარმოადგენს 12 პრიორიტეტის ნაწილს, კერძოდ, მეშვიდე პუნქტს მედიის თავისუფლების შესახებ და მეათე პუნქტს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.
გარდა ამისა, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განმარტებით, ეს ასევე არის გასაღები ევროკავშირში შესვლის პროცესისთვის და იმ 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომლებიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
უწყების განმარტებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას, რომელიც პასუხობს ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი.
„კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნებოდა ამ მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, დაამტკიცონ და შეასრულონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს და რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ვის უწოდებენ „უცხოურ აგენტს" - სკანდალური კანონპროექტის დეტალები>>>
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი2022 წლის 3 მარტს გააკეთა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს.
სკანდალი კანონპროექტთან დაკავშირებით
პროექტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილი, დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია 2022 წლის აგვისტოში დატოვეს.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>>
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
ყველა ახალი ამბავი
0