როგორ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა კობა გვენეტაძის საქმიანობა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, მარეგულირებლის ხელმძღვანელის პოსტს ის ბოლო 7 წელია იკავებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ორწლიანი თანამშრომლობის პერიოდში პრემიერ-მინისტრი და მარეგულირებლის ხელმძღვანელი მოქმედებდნენ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა. მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერი: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მთავრობის დამსახურებაა >>
კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, ის მარეგულირებელს ბოლო შვიდი წელია ხელმძღვანელობს.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული საქმიანობის შეჯამებისას ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2,8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38%-მდე ჩამოვწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, მშპ ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2023 წელს ის 25 მლრდ დოლარს მიაღწევს, ანუ 80 მლრდ ლარამდე. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს 8 ათას დოლარს, ხოლო ლარის კურსი არის სტაბილური – 2,6-2,65 GEL/$1 ფარგლებში.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, დღეისათვის საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
„და, რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება - ვიცე-პრემიერის პროგნოზი >>
მთავრობის მეთაურმა კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა სჭირდება.
კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენით ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.
ყველა ახალი ამბავი
0