ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტზე საუბარი უნდა შეწყვიტოს

© photo: Sputnik / Stringer"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ოფისი
ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
თებერვლის დასაწყისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სირცხვილია ამომრჩევლის წინაშე, რომ უკვე სამი წელია საუბარი მიდის მანდატების დათმობაზე ან პარლამენტის მუშაობის ბოიკოტზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
2020 წლის შემოდგომიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას ბოიკოტი თებერვალში მესამედ გამოუცხადა: პირველად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეორედ 2021 წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
ყოველ ჯერზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებდნენ არჩევნების შედეგების გაყალბებას. მესამე ბოიკოტი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირდებოდა, ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა – 2023 წლის 9-22 თებერვალი.

„მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევარი დარჩა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია სამი წლის განმავლობაში მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი.
„პირადად მე ჩვენი ამომრჩევლის მრცხვენია... ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, თუ როგორ აპირებს პარტია საქმიანობას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
დეკანოიძის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქციების გამართვის პარალელურად საპარლამენტო საქმიანობაც უნდა გააგრძელოს.
„ეს „ნაცმოძრაობის“ სისუსტის შედეგია“ - კობახიძე საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე>>>
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.
„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას 2004-2012 წლებში მართავდა.
ყველა ახალი ამბავი
0