კლინიკა „ვივამედის" ექიმები: სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
ექიმების მიერ გამართულ პრესკონფერენციას სააკაშვილი მათ მიმართ ბრალდებებით გამოეხმაურა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მთავარი მიზეზი კი არასრულფასოვანი კვებაა, განაცხადეს კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც პაციენტი მკურნალობას გადის.
სააკაშვილი „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში 2022 წლის მაისიდან იმყოფება. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ცდილობენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
„დღეისთვის პაციენტის მდგომარეობაში დამძიმების ტენდენცია შეიმჩნევა, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებული რჩება. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, იგი ძალიან დასუსტებულია”, - განაცხადა მსჯავრდებულის პირადმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილს კიდურები ტკივა, რის გამოც იგი ძირითადად წევს.
„ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ტკივილი მაინც რჩება”, - განაცხადა დავარაშვილმა.
ექიმმა დიდ პრობლემად სააკაშვილის არადაბალანსებული კვება დაასახელა. ამასთან, დავარაშვილმა აღნიშნა, რომ პაციენტი ამ საკვებს ითვისებს.
„პირღებინება და გულისრევა ჩვენთან ძალიან იშვიათად ფიქსირდება, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს”, - განაცხადა დავარაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ექიმებს არ შეუძლიათ ძალით შეცვალონ ექს-პრეზიდენტის კვება.
„პაციენტი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ჩვენ ან პარენტერალური კვება დავიწყოთ და ან წვეთოვანი დავუდგათ. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში თავისუფლად შემოდის. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია”, - განაცხადა ექიმმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გახსნა>>>
მისი თქმით, თუ 2022 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი იღებდა მრავალფეროვან საკვებს, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
„ოქტომბრიდან დაიწყო გაუარესება, წონაში კლება. ოქტომბრამდე ეს პაციენტი საკვებს იღებდა, შეიძლება კალორიული საკვები არ იყო, მაგრამ მრავალფეროვანი საკვები იყო. მასში შედიოდა: წვნიანები, ბუტერბროდი, ხიზილალა და თევზი. ოქტომბრის თვიდან ამას ვეღარ ვაღწევთ, ამიტომაც არის ასეთი კლება”, - განაცხადა დავარაშვილმა.
ამასთან, ექიმმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ასრულებს.
„პაციენტს ავუხსენით, რომ აუცილებელია სალათების ჭამა და, რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა, რასაც ჩვენ ვამბობთ. ვერ ვიტყვი, რომ მითითებებს არ ასრულებს და არ ითვალისწინებს“, - განაცხადა დავარაშვილმა.
მსჯავრდებულის მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს სხვა პრობლემა არ აქვს. ექიმებს შეუძლიათ სისხლის და ბიოქიმიურ ანალიზებში უმნიშვნელო ცვლილებების გამოსწორება, ჰემოდინამიკური და რესპირატორული კი სტაბილურია.
ენდოკრინოლოგ სოფო მებუკის განცხადებით, სააკაშვილი დღეში საჭირო კალორიების მესამედსაც არ იღებს.
„სააკაშვილი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, ენერგეტიკული ბალანსის უარყოფით რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის არის საჭირო”, - განაცხადა მებუკემ.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის რაციონი 300-400 კალორიას შეადგენს, სასიცოცხლო ფუნქციებისთვის კი აუცილებელია, რომ მან დღიურად მინიმუმ 1,7 ათასი კალორია მიიღოს.
„იგი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, რომელსაც ნამდვილად ახასიათებს მადის დაქვეითება და ის არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი, თუმცა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ასეთი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა”, - განაცხადა მებუკემ.
ენდოკრინოლოგმა მადის დაქვეითების მიზეზად მან სააკაშვილის ფსიქოემოციური მდგომარეობა დაასახელა.
„ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთს მომენტით,“ - განაცხადა მებუკემ.
„ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე>>>
„ვივამედის” ექიმების მიერ გამართულ პრესკონფერენციას სააკაშვილი მათ მიმართ ბრალდებებით გამოეხმაურა. მან ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე ექიმების მიერ დასახელებულ მიზეზებს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ კლინიკის ექიმებმა უარი განაცხადეს მისი ძირითადი დაავადებების მკურნალობაზე: მძიმე მეტალებით მოწამვლა, ანორექსია და კახექსია.
„არავის უნდა იმაზე მეტად სიცოცხლე, ვიდრე მე”, - ნათქვამია სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილის საქმე
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0