„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გახსნა

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად დედაქალაქში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. მაგრამ, ხაბეიშვილის მოწოდებების მიუხედავად, ეს აქციები მცირერიცხოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად. ამიტომ დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე N6-ში, რომელიც პარალელურად იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ცენტრალური ოფისი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ პარტია ძლიერი იყოს, თბილისში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, რომ ძალიან სწრაფად მოახდინოს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს>>
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0