„ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
რატი ბრეგაძემ კლინიკა „ვივამედში" მოთავსებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს საკუთარ ჯანმრთელობას ხელოვნურად მიაყენოს ზიანი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.

„რა არის მთავარი პრობლემა? – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილია, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას კი ამის სურვილი არ გააჩნია“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სააკაშვილის სურვილია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს პენიტენციური დაწესებულების დატოვება, აღნიშნა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ყველას, ვისაც აინტერესებს სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, უწყება შესაბამის ინფორმაციას აწვდის.
„ყველამ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, მთელმა საქართველომ და მართლა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იგი იმყოფება კერძო კლინიკაში. სჭირდება მკურნალობა? სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს. ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0