რა პირობებში მოუწევს საქართველოს თავის დაცვა ევროპისგან - დეპუტატის მოსაზრება

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
ქართველმა პოლიტიკოსმა ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც ევროკავშირი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუებას იწვევს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს დაიბრუნოს ძველი ღირებულებები და სამართლიანობაზე დაფუძნებული პარტნიორობა სხვა სახელმწიფოებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს მისგან თავის დაცვა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო.

„ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია. თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ არა სამარცხვინო რეზოლუციებით და ორმაგი სტანდარტებით, არამედ საკუთარი ღირსების წარმოჩენით და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ბოლო წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სამი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. უკანასკნელ რეზოლუციაში საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. თუ ვითარება არ შეიცვლება, ეს კვლავ დააზარალებს საქართველოს რეპუტაციას და დააბრკოლებს მის პერსპექტივას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ნათქვამია დოკუმენტში.

„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი“ - კალაძე საქართველოს უკრაინასთან ურთიერთობების შესახებ>>>
„12-პუნქტიანი დავალების შესრულება დაგვაკისრეს და რადგან სამ კანდიდატს შორის ყველაზე უკეთ შევასრულეთ ეს დავალება, მას მოჰყვა ულტიმატუმი – ლაკმუსის ტესტი, თურმე, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი ყოფილა და თითქოს არაფერში დამნაშავე არაა”, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამის თაობაზე საუბრობს ევროპარლამენტი, სადაც სულ მცირე 6 დეპუტატი კორუფციაშია ბრალდებული, ორზე ძიება მიმდინარეობს და ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვები. მისი წევრები კი გვეუბნებიან: ითამაშე ჩვენი წესებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის კარი დაიხურება, განაცხადა პოლიტიკოსმა.

„სამწუხაროა, რომ მსოფლიო და მათ შორის ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის. ორმაგი სტანდარტები ყოველდღიური მოხმარების იარაღად იქცა. უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ეს ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

არავინ დავობს იმაზე, რომ მსოფლიოში რთული ვითარებაა, ახლა ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე: ომი თუ მშვიდობა, აღნიშნა დეპუტატმა.
„მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. მაგრამ დამერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში სხვა ლიდერებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ შეიარაღებაზე ზრუნვას მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულის შენატანი სჯობს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, დასავლეთმა იგნორირება გაუკეთა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. 2008 წელს საქართველოს არავისთვის უთხოვია კონფლიქტში ჩართვა.
„არც სანქციებით მოუკლავს თავი მსოფლიოს. სამაგიეროდ, ახლა გვთხოვენ ომსაც და სანქციებსაც“, – აღნიშნა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სისტემურ პრობლემებზე განაცხადა>>>
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0