„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სისტემურ პრობლემებზე განაცხადა

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ სამი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას კატასტროფა უწოდა.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება მიუთითებს ევროკავშირის ამ ორგანოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის, ნათქვამია დოკუმენტში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, დარწმუნებული ვართ", – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციები 2022 წლის 9 ივნისს და 14 დეკემბერს მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, მათში ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი.
კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის ქმედებები სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.
„ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და, პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც შეშურდებოდა”, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ამ სამი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას კატასტროფა უწოდა. მისი თქმით, მსგავსი რამ მან ნახა 1980-იან წლებში, როდესაც სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომები გადაიცემოდა.
ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესახებ საუბარია რეზოლუციებში შეტანილ ცვლილებებში. მათი ინიციატორია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია „ევროპის სახალხო პარტია", რომელშიც შედის სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
ევროპარლამენტმა სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო>>>
ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინა მოწოდებები, მაგრამ ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია არ გასცა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მოვლენები სააკაშვილის ირგვლივ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან>>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0