კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ განსხვავდება აშშ-ისა და რუსეთის კანონებისგან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციატორებს ქართული ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც მანკიერი ინტერესები ამოძრავებთ, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარდგენის ინიციატივა „ხალხის ძალას“ ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან. ის ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ ის არაკომერციული იურიდიული პირები და მასმედია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტს სხვადასხვა მხრიდან ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ინიციატორებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ">>
მაგალითად, როგორც ამერიკულ, ისე რუსულ კანონმდებლობაში შესაბამისი სუბიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულია ტერმინი „უცხოელი აგენტი“.
„აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და, შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს როგორც არასამეწარმეო ან სამეწარმეო იურიდიული პირი, ისე ნებისმიერი ფიზიკური პირი, ადამიანი, რაც სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
ეს არის არასამთავრობოების გაკონტროლების მცდელობა: ოპოზიციონერი „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე>>
„მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც, თავის მხრივ, უცხოური გავლენის აგენტად არის რეგისტრირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, ამერიკული კანონმდებლობით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს.

„ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
ამერიკული კანონის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტებს ევალებათ არა მხოლოდ საერთო ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, არამედ ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან თუნდაც ზეპირი კომუნიკაციის დეკლარირება, რაც ჩვენ ზედმეტად უხეშ ჩარევად მივიჩნიეთ, აღნიშნულია განცხადებაში.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და უცხოური გავლენის აგენტებს მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ამერიკული ანალოგი არ არის“ - კობახიძემ ნედ პრაისს უპასუხა>>
გარდა ამისა, ამერიკული კანონით გათვალისწინებული დარღვევები, მათ შორის ფინანსების დეკლარირების ვალდებულების თავიდან არიდება განისაზღვრება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ჯარიმა ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
„მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი შესაბამის კანონდარღვევას განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მისი ჩადენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ჯარიმების ოდენობაც ამერიკული კანონით დადგენილ ჯარიმებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.
„მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებას კანონპროექტთან დაკავშირებით და მას საგანგაშო უწოდეს.
პაპუაშვილმა დაიცვა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ>>
ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
„რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელ აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც.
ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ გაერთიანების საქმიანობის უკან, ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოზე პოზიტიური და არაპოზიტიური გავლენის მოხდენის შემთხვევები და ამის მიხედვით ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური პროცესების მიმართ, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0