„ამერიკული ანალოგი არ არის“ - კობახიძემ ნედ პრაისს უპასუხა

© AP Photo / Luis M. Alvarezაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ მოამზადა, ამერიკულ კანონმდებლობასთან შედარებით რბილია და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელი შედეგით, რაც შეიძლება დაემართოს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას საქართველოში.
მისი აზრით, შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებსაც უკეთესი მომავლის აშენება სურთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე, აღნიშნა პრაისმა.

„თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის, რადგან ბევრად უფრო შერბილებულია. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის „ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა“.
„ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ">>
მან ასევე აღნიშნა, რომ არ წაუკითხავს რუსული კანონი და არ იცის, რა წერია იქ.
„შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ, ეს ინტერესი არ მაქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ხალხის ძალამ“, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, პარლამენტში მოახდინა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირება. ის ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ არაკომერციული იურიდიული პირები და მასმედია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო სექტორი და მასმედია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
სჭირდება თუ არა საქართველოს „უცხოური აგენტების" შესახებ კანონი?>>
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0