პაპუაშვილმა დაიცვა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ორშაბათს იქნება განხილული.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ტაბუ დაადონ და ცენზურის ქვეშ მოაქციონ ახალი კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა შეიმუშავეს.
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელი შედეგით, რაც შეიძლება დაემართოს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას საქართველოში.
მისი აზრით, შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც, ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, აქ იყოს სენსიტიური საკითხები, თუმცა საჭიროა, რომ ამას სხვა მხრიდანაც შევხედოთ.
„ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება კანონპროექტის მხარდაჭერას, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯერ არ იცნობენ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დეტალებს და ამ საკითხს უმრავლესობის ფორმატში განიხილავენ.
„ამერიკული ანალოგი არ არის“ - კობახიძემ ნედ პრაისს უპასუხა>>
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონპროექტს ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ არაკომერციული იურიდიული პირები და მასმედია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო სექტორი და მასმედია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
სჭირდება თუ არა საქართველოს „უცხოური აგენტების" შესახებ კანონი?>>
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0