აფეთქება ზღვაში: შსს-მ სანაპიროზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის სანაპირო ზოლი
ბათუმის სანაპირო ზოლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბათუმში, სანაპირო ზოლთან მომხდარი აფეთქების შემდეგ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აფეთქება ორშაბათს, საღამოს მოხდა, თვითმხილველების თქმით, ნაპირიდან 25–30 მეტრში. საზღვაო ნაღმის მსგავსი ნივთისა და აფეთქების მომენტის კადრები მაშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელში.
შსს-მ აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ახდენენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიის, ასევე ნავსადგურების დათვალიერებას, აგრეთვე ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები კი სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. ამასთანავე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შსს-მ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოსცა სპეციალური ცირკულარი ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება.
უფრო ადრე საქართველოს შსს-მ თურქეთიდან და ბულგარეთიდან მიიღო ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების – თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის წყლებში მცურავი ნაღმების შესახებ. აღინიშნა, რომ შტორმის დროს ნაღმები საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც შეიძლება მოხვდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0