საქართველოს კაპიტალის ბაზარი - გამოწვევები და გადაწყვეტილებები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
კაპიტალის ბაზრის მთავარი პრობლემა ადგილობრივი ინვესტორების დაბალი აქტივობაა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც ბაზრის ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის მთავარი მეთოდები განსაზღვრა.
სტრატეგიის თანახმად, ბაზრის მთავარ პრობლემას ადგილობრივი კაპიტალის განვითარების დაბალი დონე წარმოადგენს.

„საქართველოს კაპიტალის ბაზარი განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მისი განვითარების პოტენციალი დიდწილად განისაზღვრება ეკონომიკის ზომით, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბაზრის განვითარებისთვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკების დომინანტური პოზიციისა და მაღალი დოლარიზაციის პირობებში საქართველოს კაპიტალის ბაზარი გამოირჩევა პატარა მოცულობით და დაბალი ლიკვიდურობით.
გარდა ამისა, მთავრობამ აღნიშნა ადგილობრივი ინსტიტუციონალური ინვესტორების მცირე დივერსიფიცირებული ბაზა, უცხოური ინვესტორების შეზღუდული აქტივობით და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული პროდუქტების პრიორიტეტულობით.
კაპიტალის ბაზარზე ადგილობრივი ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზას, კომერციული ბანკების გარდა, საპენსიო ფონდი, სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები წარმოადგენს.
მთავრობამ ასევე აღნიშნა სადაზღვევო სექტორის დაბალი აქტივობა საპენსიო ფონდის მზარდი აქტივობის პირობებში.

„ადგილობრივი ინვესტორების ბაზის დაბალი აქტივობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც არ ხდება აკუმულირებული ფინანსური რესურსების ეფექტური მობილიზება და, შესაბამისად, ეს რესურსი არ გამოიყენება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ერთად ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ პროდუქტებს და თავიანთი სახსრების ძირითადი ნაწილის ინვესტირებას ახდენენ დოლარში დენომინირებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
„აქედან გამომდინარე, კერძო დანაზოგების დიდი ნაწილის მობილიზება არ ხდება ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში და, შესაბამისად, შეზღუდულია კორპორაციებისა და შინამეურნეობების ლარში დაფინანსების შესაძლებლობები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს მთავრობა ამ სიტუაციიდან გამოსავლად მიიჩნევს კაპიტალის ბაზრის საშუალებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის და ადგილობრივი სააქციო კაპიტალის განვითარებას.
მთავრობის აზრით, სიტუაციას გააუმჯობესებს კაპიტალის ბაზარზე ადგილობრივი საწარმოების ჩართულობის გაზრდა.
კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში: თბილისში გატარებული რეფორმები განიხილეს>>>
პრობლემების გადასაჭრელად მთავრობის კიდევ ერთი მიზანია კაპიტალის სტიმულირება ინსტიტუციური ინვესტორების ბაზის განვითარების გზით, ასევე ინვესტორების რაოდენობისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდა.
კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მთავრობა გეგმავს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიზნების განხორციელებას და შეიმუშავებს კონკრეტულ ნაბიჯებს მათ მისაღწევად.
ჯგუფი თავისი მუშაობის შედეგს შეაფასებს რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით: ლარში დენომინირებული ობლიგაციების თანაფარდობა მშპ-სთან, აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია მშპ-სთან შედარებით, საპენსიო ფონდის აქტივები, კორპორატიული ობლიგაციების მოცულობა ლარში, აქციების ბრუნვის მაჩვენებელი, ბირჟაზე რიცხული კომპანიების რაოდენობა, არასაბანკო საფინანსო სექტორის წილი ფინანსურ აქტივებში, სადაზღვევო კომპანიების აქტივები და სხვ.
სტრატეგიის განხორციელების შუალედური შეფასება წარმოდგენილი იქნება 2025 წელს, საბოლოო კი 2029 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0