„დაცინვა და სირცხვილი“ - ირაკლი კობახიძე უკრაინის მოწოდებას ეხმაურება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში ცხრა ათას პატიმარს შორის სააკაშვილს ყველაზე სუსტი ფსიქიკა აღმოაჩნდა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინული მხარის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეაფასა, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორება მის მიმართ. საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელიც „უნდა გათავისუფლდეს“.

„სად უნდა გავუშვათ იგი სამკურნალოდ – ბახმუტში, კიევში თუ ლვოვში? ეს არის სირცხვილი და ღირსების საქმე. ჩვენ არ მოვითმენთ მსგავს სამარცხვინო განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, საქართველოში ცხრა ათას პატიმარს შორის სააკაშვილს ყველაზე სუსტი ფსიქიკა აღმოაჩნდა.
„გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც კი არის, ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეთავაზებაც გაიხსენა ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანის შესახებ. კობახიძის თქმით, საქართველოში არის შესაბამისი აპარატურა და ყველა პირობა პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობისთვის.
„რა დარჩა? არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს? დაცინვა არ არის, როცა უკრაინული მხარე ითხოვს მის სამკურნალოდ უკრაინაში გაშვებას?“ – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. მაგრამ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
რამდენს იღებენ სააკაშვილის ლობისტები? გამოქვეყნდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან>>>
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტმა სასამართლოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა – როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ვერ წარმოადგინეს სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები. და ეს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან>>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0