მიხეილ ჩხენკელი: უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პროცესში, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) — დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ისტორიკოსისა და აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

„დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში“, – ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.

„ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ თბილისის უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობების განათლების საქმეში", – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მიულოცა თსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ჩხენკელი დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტი მომავალშიც აღზრდის თაობებს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ და ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოში უნივერსიტეტის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 1860-იან წლებში საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით უნივერსიტეტის გახსნის ორგანიზება.
1917 წლის მაისში თბილისში, ქართველი ქიმიკოსის პეტრე მელიქიშვილის ბინაში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა. კრებას საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა.
თსუ ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის წევრი გახდა>>>
1917 წლის შემოდგომაზე საზოგადოების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. უკვე დეკემბრის ბოლოს ქართულ პრესაში ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შესახებ განცხადება გაჩნდა.
პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
პირველ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ისეთი დიდი პროფესორები და ლექტორები, როგორებიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი და მრავალი სხვა.
ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიონალური პროგრამებიც მოქმედებს, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში პერსონალის კვირეულზე შეიკრიბნენ>>>
უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო პროგრამებში, და მიიღოს ორი დიპლომი — ქართული და საერთაშორისო.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა.
ყველა ახალი ამბავი
0