„ნაცმოძრაობამ" ბოიკოტი გამოაცხადა და მმართველ პარტიას სიმშვიდის დარღვევით დაემუქრა

© photo: Sputnik / Stringer"ნაცმოძრაობის" ოფისი
ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და უარი განაცხადა საპარლამენტო საქმიანობაზე.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაიზიარა ექს-პრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების შესახებ.
დაცვის მხარე კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტს აქვს სამი მძიმე დაავადება, რომლებიც, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს: დემენცია დაუზუსტებელი, კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნულ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.
„ფრაქცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებისშესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა ბრიფინგზე.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება არ მოეწონა „ნაცმოძრაობის“ ექს-თავმჯდომარე, ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას.
„საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
„ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას", - განაცხადა მელიამ.
სიტყვიდან საქმემდე
რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა 6 თებერვალს, „ნაცმოძრაობის“ ყრილობის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტურბულენტობა „ნაციონალურ მოძრაობაში" - ოპოზიციონერები პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარს აცხადებენ>>>
6 თებერვალს, სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა და მომხრეებმა გვიან ღამით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიტინგი გამართეს.
„მაღალი თანამდებობის პირებს დღეიდან მშვიდი ცხოვრება აღარ ექნებათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ამიერიდან აქციები გაიმართება ყოველდღე, პროტესტის ეპიცენტრი კი თბილისი იქნება. სამშაბათს ოპოზიცია მთავრობის შენობასთან შეკრებას გეგმავს.
ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დაჩქარებული წესით გაიმართა. ხაბეიშვილის თქმით, რომელმაც შიდაპარტიულ არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო, ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რათა პარტიამ რაც შეიძლება სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება და ამას ბიუროკრატიამ ხელი არ შეუშალა.
ყოველივე ეს არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ბევრი ავტორიტეტული წევრისთვის. პარტიის ხელმძღვანელობის ელექტრონულმა არჩევნებმა ეკა ხერხეულიძის, აკაკი მინაშვილისა და გიორგი კირთაძის უკმაყოფილება იმდენად გამოიწვია, რომ მათ უარი განაცხადეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ყოფნაზე.
რისთვის მიმდინარეობს ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“: მმართველმა პარტიამ საიდუმლო ამოხსნა>>>
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც შიდაპარტიულ არჩევნებში ხმების 40% მიიღო, საერთოდ ა4რ შეიყვანეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის სიაში. სამაგიეროდ, პოლიტსაბჭოში ადგილები შეხვდათ ადამიანებს „დამსახურების მიხედვით" - ეს არის კვოტა, რომელიც პარტიის ტავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებული ლევან ხაბეიშვილის (52,2%) გუნდმა მოიგონა.
ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ისინი, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე გავლენიან ფიგურებს შორის იყვნენ - საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება. მას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოლიგარქს და „ნაცმოძრაობის“ რეალურ ხელმძღვანელს უწოდებენ.
ჩრდილოვან მმართველობაზე განცხადება გააკეთა მელიამ. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ფარდის მიღმა მდგარი რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, პოლიტსაბჭოს არჩევნები გააუქმეს ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ჩრდილოვანი მმართველობა და ავტოკრატია: ნიკა მელია პარტიაში „გასაოცარ დემოკრატიაზე“ საუბრობს>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებამ პიკს მიაღწია, გადაწყდა თავმჯდომარის ხელახალი არჩევა. არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად პარტიაში კონფლიქტი მხოლოდ გაიზარდა, რის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორ ბანაკად გაიყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0