ჩრდილოვანი მმართველობა და ავტოკრატია: ნიკა მელია პარტიაში „გასაოცარ დემოკრატიაზე“ საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ჩრდილოვანი მმართველობა ყველგან ერთნაირია მიუხედავად იმისა, ვინ მართავს ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს უარი უთხრეს პარტიის მართვაში მონაწილეობასა და პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლაზე, დაწერა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში.
კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეათე ყრილობა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად დაამტკიცეს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, პოლიტსაბჭოს კი ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო... ამომრჩეველთა 40%-ზე მეტს უარი უთხრეს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე“, – დაწერა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, „ტექნიკური ყრილობის" დასაწყისში ამომრჩეველს პარტიულ გადაწყვეტილებებში მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ზუსტად ერთ საათში „გასაოცარ დემოკრატიასთან" მივიდნენ.
მელიამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ 22-წლიანი ტრადიციის ერთგულებაზე საუბრობდნენ, თუმცა პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები თავიანთი „მეგობრებით“ ჩაანაცვლეს.
პოპულისტური და არასერიოზული: „ნაცმოძრაობის" წევრების რეაქცია ახალი ლიდერის განცხადებაზე>>>
„ყოველივე ეს არა მხოლოდ წარმოთქმული სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს“, – დაწერა მელიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ჩრდილოვანი მმართველობა ყველგან ერთნაირია მიუხედავად იმისა, ვინ მართავს ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას.
„ჩრდილოვანი მმართველი მოდის ემოციური დაპირებებით, დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისგან, და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას“, – დაწერა მელიამ.
მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ფარდის მიღმა მდგარი რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, პოლიტსაბჭოს არჩევნები გააუქმეს ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად პარტიის დროულად განვითარება დაასახელა.
„გადაწყვეტილებები დაჩქარებული წესით იმიტომ მივიღეთ, რათა პარტიამ სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება და არ შეიქმნას ბიუროკრატიული პრობლემები. დღეს ყველა ეს ბიუროკრატიული პრობლემა მოგვარებულია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა ყრილობის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0