„თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - ძირითადი მიმართულებები

© photo: Sputnik / Stringerსამხედრო მოსამსახურეები
სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და გაწვევის სისტემის რეფორმის ახალ ეტაპს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ „თავდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, კანონპროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და ამის შემდეგ დეპუტატები მის განხილვას შეუდგებიან.
წინასწარი ვერსიით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და გაწვევის სისტემის რეფორმის ახალ ეტაპს.
მთავარი თემა
ცვლილებების მიხედვით, საქართველოში სამხედრო სამსახურის ვადა კიდევ უფრო შემცირდება და დამოკიდებული იქნება სამსახურის სახეობაზე: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – ექვსი თვე, დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – რვა თვე, უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის – 11 თვე.
სიახლე 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
ამასთან, წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ სამინისტროს სისტემაში გაივლიან და მიიღებენ ანაზღაურებას.
სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება გართულდება - პრემიერმა რეფორმა დააანონსა>>>
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურში, ასევე მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სოციალური დაცვის გარანტიები.
გარდა ამისა, პირს, რომელიც გაწვეულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან დაასრულა იგი, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
ჯარი სტუდენტებისთვის
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტი შესაძლოა შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებაროს.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტი საკუთარი სურვილით შეძლებს შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ფორმა ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში სტაჟირების გავლას.
ამასთან, სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი, მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში – რიგითის სამხედრო წოდება.
უწყების ცნობით, სტუდენტებს ასევე საშუალება ეძლევათ გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. ამ შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ ლეიტენანტის ან სერჟანტის წოდებას.
თავის არიდება არ გამოვა
ერთი წლით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის მოქალაქე 10 ათას ლარს გადაიხდის, ნაცვლად ამჟამინდელი 2 ათასი ლარისა (18 თვით გადავადებისთვის).
ამასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების გამოყენება პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
გარდა ამისა, პროექტში განისაზღვრა გაწვევისგან გათავისუფლებისა და გადავადების საფუძვლები და აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც უწყებას არ შეეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა.
საკადრო საკითხები
ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოხდება. ამასთან, სამხედრო წოდებები მხოლოდ ამ სისტემაში იმოქმედებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მას მიეცემა შესაძლებლობა, სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით.
სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში და საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება: რას სთავაზობენ მსურველებს>>>
გარდა ამისა, სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობაზე მუშაობის პირობებშიც, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.
ამ შემთხვევაში შეთავსება შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთ-ნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობის ახლებურად განსაზღვრას. კერძოდ, კომპენსაციის ოდენობა დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში 7 ათასიდან 20 ათას ლარამდე, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში – 15 ათასიდან 30 ათას ლარამდე განისაზღვრება.
წოდებები ახლებურად
ხელისუფლება გეგმავს გარკვეული კატეგორიის სამხედრო წოდებების მინიჭების ვადის შეცვლას: I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე ორი წლის ნაცვლად იქნება ერთი წელი.
სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან მაიორამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე ოთხი წლის ნაცვლად იქნება ხუთი წელი.
სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლას თავდაცვის უწყება ხსნის იმით, რომ დაბალი სამხედრო წოდებების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება.
ობიექტები კონტროლქვეშ
თავდაცვის სამინისტროს ობიექტებთან გარკვეულ დისტანციაზე მშენებლობისა და სხვა საქმიანობის განხორციელების წინასწარ შეთანხმება აუცილებელი იქნება უწყებასთან.
წინასწარ შეთანხმების მიზანია თავდაცვის სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
პროექტის სხვა დეტალები ბიუროზე დარეგისტრირებისა და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0