შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს? ზურაბიშვილი პასუხს გაურბის

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ცალკეული შემთხვევა არ განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით სააგენტო Bloomberg-ის მიერ დასმულ კითხვაზე.
როგორც Bloomberg-ი წერს, ზურაბიშვილი, რომელსაც სააკაშვილის შეწყალების უფლებამოსილება გააჩნია, არ საუბრობს საკუთარ გეგმებზე, თუმცა არ ფიქრობს, რომ „ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხს გაურბის. მანამდე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მას მკაფიო პოზიცია ჰქონდა: „არა და არასდროს“.
ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დადგა დრო, ევროპამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღოს. მისი თქმით, ქვეყანა ამ საკითხში კიდევ ერთ მარცხს არ დაუშვებს.

„თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯს იცავს - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადება>>>
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს, რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.
მისი თქმით, ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების პროცესის მორიგი გაგრძელებაა და ის პოლიტიკური ძალის მიერ არის წახალისებული.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დემენცია თუ დეპრესია - სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ნევროლოგი გამოიკითხა>>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0