დემენცია თუ დეპრესია - სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ნევროლოგი გამოიკითხა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
თუ სააკაშვილის წონა კლებას განაგრძობს და 52 კილოგრამს ჩამოცდება, ის შეიძლება დაიღუპოს, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, დანარჩენი ექსპერტების მსგავსად, რომლების უკვე გამოიკითხნენ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, განაცხადა, რომ მას დემენცია აქვს, თუმცა ამასთან დეპრესიაც არ გამორიცხა.
წულაძე შედიოდა ექიმთა იმ ჯგუფში, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრიბა.
„მნიშვნელოვანი კოგნიტური გაუარესება, ამიტომ ჩვენ დავწერეთ ჩვენ არადიფერენცირებული დემენციის კოდი“, - განაცხადა წულაძემ სასამართლოში, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი იხილება.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მან არ გამორიცხა რომ სააკაშვილს შესაძლოა არა დემენცია, არამედ დეპრესია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ნევროლოგის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს არის დაუზუსტებელი დემენცია, ანუ არადიფერენცირებული.
საქართველოს კანონმდებლობით დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახეობა) არის მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი. ამის კიდევ ერთი მიზეზი არის კახექსია (ადამიანის ორგანიზზმის უკიდურესად მძიმე დასუსტება).
როგორც წულაძემ აღნიშნა, კახექსია უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე დემენცია. ექიმების თქმით, სააკაშვილი ახლა 69 კილოგრამს იწონის, ანუ დაკავების შემდეგ (2021 წლის 1 ოქტომბერი) მან 45 კილოგრამი დაიკლო.
„თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ამასთან მან დადებითი პასუხი გასცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთმელიძის კითხვას, შეიძლება თუ არა შიმშილობა კახექსიის მიზეზი გამხდარიყო.
„ანორექსიას და კახექსიას ძირითადად იწვევს შიმშილი, მაგრამ არამარტო შიმშილი“, - განაცხადა მან.
სააკაშვილი პირველად საავადმყოფოში მოათავსეს შიმშილობის 39-ე დღეს, რომელიც მან დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა განაგრძო, რადგან ის არა მულტიპროფილურ კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მან მხოლოდ 50-ე დღეს თქვა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე.
ექიმები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ადრე გამოიკითხნენ სასამართლოში, მძიმე ავადმყოფობის მიზეზად დაასახელეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ისეთი მძიმე ლითონებით მოწამვლა, როგორიცაა დარიშხანი, ბარიუმი და ვერცხლისწყალი, ასევე არასწორი დიაგნოსტიკა და არაეფექტური მკურნალობა.

„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რა სიმპტომები აქვს ადამიანს და ეს სიმპტომები ბევრ რამეს შეუძლია გამოიწვიოს, მათ შორის მოწამვლა, მათ შორის შიმშილობა“, - განაცხადა წულაძემ.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს ჰკითხა, რატომ არ ჭამს ექს-პრეზიდენტი - არ შეუძლია თუ არ სურს, როგორც ამას აცხადებენ პენიტენციური სამსახურისა და კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლები, სადაც ის 2022 წლის მაისიდან იმყოფება.
„ანორექსია და კახექსია იწვევს გულისრევას და მადის დაქვეითებას. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას თავისი პროტოკოლი აქვს მკურნალობის საკმაოდ რთული“, - განაცხადა წულაძემ.
გარდა ამისა, ადვოკატმა იკითხა, უშლის თუ არა ხელს სასჯელის მოხდის პროცესს ის დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს დაუდგინეს.
„პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ადაპტაციური აშლილობა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა დაუდგინეს. ადაპტაციური აშლილობა, რომელიც ირონიის საგანი გახდა, ძალიან სერიოზული დაავადებაა და მას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული პრობლემა", - განაცხადა წულაძემ.
მისი თქმით, ადაპტაციურ აშლილობას დეპრესია და ანორექსია მოჰყვა და შემდეგ ყველაფერი ჯაჭვური რეაქციის მსგავსად მიმდინარეობდა.
„სანამ ის იმყოფება ისეთ გარემოში, სადაც ადაპტაცია არ შეუძლია, მკურნალობის სრულად ჩატარება ალბათ შეუძლებელი იქნება“, - განმარტა წულაძემ.
მოგვიანებით ადვოკატმა წაიკითხა ნაწყვეტი სამედიცინო დასკვნისგან, სადაც ნათქვამია, რომ ჩატარდა საქართველოში არსებული ყველა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, მკურნალობა კი რამდენიმე მულტიპროფილურ კლინიკაში, მაგრამ სააკაშვილის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება და შეუქცევადი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული და კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება.
კითხვაზე, რა იგულისხმება ამ გადაწყვეტილებებში, წულაძემ უპასუხა: „კანონის ფარგლებში სასჯელის გადავადება“.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა >>
თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთმელიძემ კითხა, კარგად ჩაიარა თუ არა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სააკაშვილის რეფიდინგმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ურთმელიძის თქმით, ამ პროცესის კრიტიკა სასამართლო დარბაზში არაერთხელ მოისმინა.
„კარგად რომ არ ყოფილიყო, ადამიანი ცოცხალი არ იქნებოდა“, - განაცხადა წულაძემ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო პოლიფარმაციის თემაზე, ანუ სხვადასხვა მედიკამენტების ერთდროული დანიშვნის თემას, რის შესახებაც სასამართლოში ადრე ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ განაცხადა. მისი თქმით, მკურნალობა შორს იყო თანამედროვე მეთოდებისგან - სააკაშვილს ბევრ არასათანადო მედიკამენტს აძლევდნენ.
მაშინ, მტკიცებულების სახით სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს ექს-პრეზიდენტს 40 დღეში 30 სხვადასხვა სახის წამალი მისცეს. მოგვიანებით, როდესაც ის „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, 2022 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ის თვეში 15-17 სხვადასხვა მედიკამენტს იღებდა.
„პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად ეს არ მივიჩნიეთ, თუმცა სახეზეა გარკვეული ხარისხის პოლიფარმაცია... როცა მიმდინარეობს ადამიანის მდგომარეობის სიმპტომატური მართვა, ნებით თუ უნებლიეთ, პოლიფარმაციას უნდა მიმართო“, – განაცხადა წულაძემ.
მაგალითად, ექს-პრეზიდენტს აძლევდნენ სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებლებს, სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ საშუალებები, განმარტა მან.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ასევე აინტერესებდა ნევროლოგის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს აძლევდნენ ნეიროლეპტიკებს, კერძოდ, კეტილეპტს (ანტიფსიქოტიკა) და იმ ვერსიის შესახებ, რომ ამან შესაძლოა ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია. ურთმელიძემ შეახსენა, რომ თავის დროზე წულაძემ იცოდა ამ დანიშვნის შესახებ და რეკომენდაცია გაუწია დოზის ოდნავ შემცირებას 200 მგ-დან 150 მგ-მდე.
„კეტილეპტი თერაპიულ ფარგლებში იყო მიცემული“, - განაცხადა წულაძემ და აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის მაქსიმალური დასაშვები დოზაა 600-800 მგ.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0