სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი თვითდაზიანებაზე - მამუკა მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვრცელდება თითოეულ პატიმარზე, მაგრამ პასუხისმგებლობასაც თავისი საზღვრები აქვს, აღნიშნა მდინარაძემ.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფოს არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება თვითდაზიანების გამო, რომელსაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწევა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს ერთ თვეზე მეტია განიხილავს. კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია.

„ყველა ქვეყანაში არსებობენ პატიმრები, რომლებიც თვითდაზიანებით არიან დაკავებული. ეს სამწუხარო პრაქტიკაა. მიხეილ სააკაშვილი პირველი არ არის და არც ბოლო იქნება. სულ იყო, არის და იქნება თვითდაზიანებით თავის დახსნის მცდელობები, ამიტომ სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ აქედან გამომდინარე რისკები შეამციროს“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თითოეულ პატიმარზე ვრცელდება, მაგრამ პასუხისმგებლობასაც აქვს თავისი ჩარჩო, აღნიშნა მდინარაძემ.
„როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
თვითდაზიანების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა, თუმცა მსგავსი ულტიმატუმის გამო პატიმარი არცერთ სახელმწიფოს არ გაუთავისუფლებია.
„არცერთი სახელმწიფო არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება გათავისუფლების საფუძველი გახდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს, რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შემოთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების გაგრძელებაა და ის წახალისებულია პოლიტიკური ძალის მიერ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
მეორე მხრივ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო>>
უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0