ვინ უხელმძღვანელებს ანტიკორუფციულ ბიუროს? იწყება კონკურსის მეორე ეტაპი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის შენობა
საქართველოს მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის სურვილი 38-მა ადამიანმა გამოთქვა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსში კანდიდატების შერჩევის მეორე ეტაპი შემდეგ კვირაში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38-მა ადამიანმა გამოთქვა. კანდიდატების განაცხადები 11-დან 25 იანვრის ჩათვლით მიიღეს.
კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტების შეტანა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების სფეროში და არ არიან ნასამართლევი.
კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება – განაცხადების მიღება და დამუშავება და გასაუბრება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ რევაზ ჯანელიძის ხელმძღვანელობით (კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე) საკონკურსო კომისიის წევრები შეიკრიბნენ და მიღებული განაცხადები განიხილეს. მათ შეამოწმეს კანონის მოთხოვნებთან დოკუმენტების შესაბამისობა, ნათქვამია განცხადებაში.
გამოცხადდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა>>
კონკურსის შედეგებით შეარჩევენ სულ ცოტა ორ და მაქსიმუმ ხუთ კანდიდატს.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0