ითანამშრომლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან"?

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არ ითანამშრომლებს პოლიტიკურ ძალებთან, სადაც არაფორმალური მმართველობა და მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები არიან, განაცხადა პარტიის წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბაშვილი.
როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, ისეთ ძალასთან თანამშრომლობას, სადაც არაფორმალური მმართველობაა და მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე პირები არიან, არ აპირებენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, სადაც არის არაფორმალური მმართველობა და სადაც არის მძიმე პოლიტიკური წარსული მქონე ადამიანების აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მისი პარტია თანამშრომლობდა ნიკა მელიასთან, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
„ჩვენ რომ გვეფიქრა, რომ ნიკა მელიას მძიმე პოლიტიკური წარსული ჰქონდა, მაშინ მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ ვითანამშრომლებდით მასთან“, – განაცხადა მან.
უფრო ადრე მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილთან ურთიერთობები გაწყვიტა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მართვა უნდოდა. მერაბიშვილი კი მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში დაადანაშაულა, სადაც ის უდიერი სიტყვებით იხსენიებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. გარდა ამისა, მელიამ მერაბიშვილი ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაანგრია მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის რეპუტაცია იმგვარია, რომ ბევრ პარტიას გაუჭირდება მასთან თანამშრომლობა.
„ვნახავთ, შესაძლებელი იქნება თუ არა თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის" ბევრ წარმომადგენელთან, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ ეს არასდროს ითარგმნებოდა პოლიტიკურ თანამშრომლობად, რადგანაც შეუძლებელი იყო მათი პოზიციიდან გამომდინარე რაიმე ტიპის თანამშრომლობა", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ბოლო პერიოდში არ ყოფილა დიდი თანამშრომლობა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიის გაერთიანების კონტექსტში.
შესაბამისად, დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო მკაფიო გახდება.
„არ მგონია, რომ ეს არჩევნები სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეასუსტებს. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის დღის წესრიგის განსასაზღვრად. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეს შეცვლის როგორც პოლიტიკურ კონტექსტში, ისე თანამშრომლობის შესაძლებლობების კუთხით“, – განაცხადა მან.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
„ნაბიჯი უკან" - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე>>>
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ყველა ახალი ამბავი
0