გაზრდილი შემწეობა და 30 ათასი დასაქმებული - სოცმომსახურების სააგენტომ საქმიანობა შეაჯამა

© photo: Sputnik / Stringerასაკიანი ქლი ბარათაშვილის ხიდზე
ასაკიანი ქლი ბარათაშვილის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
გამოწერა
2023 წლიდან გაიზარდა სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.
გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარებამ 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და 200 ლარს შედგენს.
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს >>
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ შედეგები გააცნო. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8.811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.
საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12.645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0