„ადამიანის უფლებების დაცვის დაცინვა და პაროდია“ - პარლამენტის დეპუტატი „სააკაშვილის სიაზე“

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის, დარწმუნებულია ირაკლი ქადაგიშვილი.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ის, რაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ადამიანის უფლებების დაცვის დაცინვა და პაროდიაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც „ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს“.

„ეს არის ექიმების შანტაჟი, რაც აღკვეთილი უნდა იყოს. რაც ახლა ხდება სააკაშვილის გარშემო, არის დაცინვა და პაროდია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მაგნიტსკისგან განსხვავებით, სააკაშვილი არის კლინიკაში და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ გაურკვეველი პირები მას სანქციებით ემუქრებიან. ნადირაძე იმ კლინიკის ხელმძღვანელია, რომელშიც 2022 წლის 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. უფრო ადრე ნადირაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში მედდა გამოიძახა და უთხრა, რომ იმ ადამიანების სიაში შეიყვანდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააპატიმრონ.
„ვივამედის“ გენერალურ დირექტორს ემუქრებიან >>
იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ცნობილ საერთაშორისო ფინანსისტსა და ინვესტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც უარს ეუბნება მკურნალობაზე, ასევე ვინც პასუხისმგებელია მის მოწამვლასა და წამებაზე. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა „მაგნიტსკის სანქციებს“ ყურადღება მიაქციონ.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. პირველად სააკაშვილი საავადმყოფოში შიმშილობის დროს მოხვდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე>>
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ხუთი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან საზღვარგარეთ იმკურნალოს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
წულუკიანი: სააკაშვილი რთული ქცევის მქონე პატიმარია>>
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0